საზოგადოება
“მწვანეთა პარტია” გარემოს დაცვის სამინისტროს დაყოფას აპროტესტებს

mwvaneebiსაქართველოს მწვანეთა პარტია აპროტესტებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის ზოგიერთი უფლებამოსილების ჩამორთმევას შეეხება.

როგორც “მწვანეთა პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ასუსტებდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაკონტროლებელ ფუნქციებს. ამ სახელმწიფო უწყების დაშლა ეწინააღმდეგება სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს.

“მწვანეთა პარტია” ევროპის პარლამენტს, ევროკომისიასა და საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ფაქტის შესაჩერებლად მიმართავს.

“მწვანეთა პარტიის” განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დახლეჩა-განადგურებასთან დაკავშირებით, საქართველოს უდიდეს ზიანს მიაყენებს და ქვეყნის ეკოლოგიური სისტემა აბსოლუტურად დაუცველი დარჩება.

საქართველოს მწვანეთა პარტია სამინისტროს დაყოფის შეჩერებასა და მისთვის 2003 წლამდე არსებული ფუნქციის დაბრუნებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაყოფის შემდეგ, გარემოს დაცვით და ეკოლოგიურ ფუნქციებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეითავსებს, ბუნებრივი რესურსებისა და ლიცენზირების ფუნქციებს – ენერგეტიკის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი კი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.