სამართალი
პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა კიდევ ერთმა ბოროტმოქმედმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა!

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით. აქამდე ბრალდებულის მიმართ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული და საქმე გადაკვალიფიცირდა.
ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, პარალელურ რეჟიმში ბრალს უყენებენ მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირსაც.
ვეფხია ბაქრაძისთვის ბრალის წარდგენას სახაზინო ადვოკატი დაესწრო. ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ამასთან, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.
მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. ამ საკითხზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.