აქტუალური
ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირი „სრულად ინფორმირებულია“ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობებზე, შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო“, - წერს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი 11 აპრილს გავრცელებულ წერილში.
წერილი, რომელსაც იოჰანეს ჰანი ევროკომისრების მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომის სახელითაც აწერს ხელს, არის პასუხი ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 13 თებერვალს გაგზავნილი მიმართვისა, სადაც ისინი პარლამენტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამდნენ.
არასამთავრობოები წერდნენ მაშინ, რომ მთავრობის მიერ 2017 წლის ივნისში წარდგენილი და პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებული კანონპროექტი „სუსტია“ აღსრულების ნაწილში და არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაც დაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში, რეალურად დაიცვას დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე“.
საპასუხოდ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა წერილში, რომ საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორცშრომის უსაფრთხოების შესახებკანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი“.
შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) აღებული ვალდებულებების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის დარღვევა“, - ნათქვამია წერილში.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს და განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნას, რათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონე ორგანოთა მიერ“.