„აშშ არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას“ - ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
საზოგადოება
„აშშ არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას“ - ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა.
დელეგაციებმა ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი, როგორც ნდობის აღდგენის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი: ევროკავშირმა დაგმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. შეშფოთება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.
აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ათი წელია, რუსეთი ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა, აგრძელებს რა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას მაშინ, როდესაც საქართველო ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად“.
მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას.
აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ძალები ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით, ეუთო- მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო- მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. მან ეუთო- 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.