აქტუალური
ჩინეთი საქართველოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაში დაეხმარება

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ჩინეთი საქართველოს სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში დაეხმარება – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპენისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე „შუა დერეფნის“ განვითარებაზე, აღნიშნული საერთაშორისო მარშრუტის მეშვეობით 2015 წლიდან ჩინეთიდან სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ხორციელდება.
ჩვენ ვითხოვეთ ჩინეთის როგორც ცენტრალური ხელისუფლებისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იგივე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას გარკვეული პროვინციების მიმართულებით“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მხარის პოლიტიკურ მხარდაჭერას შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რათა გაიზარდოს მისი როლი და მნიშვნელობა სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში.
ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდ, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ჩინეთის კომერციის მინისტრთან და განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ერთი სარტყელი ერთი გზისინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს.