აქტუალური
რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყებაში აუწყეს, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღეს.
ნოტაში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას. ნოტაში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე”, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.