პუბლიკაციები
ვლადიმერ იმნაძის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მიწვევით, უკრაინაში, ოდესაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი მონაწილეობას იღებს უკრაინისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სამდღიან ღონისძიებებში.
12 აპრილს გაიმართა შეხვედრა: "უკრაინა-საქართველო: სულიერი მისია მსოფლიოში", რომელსაც ადგილობრივი სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარდა, საქართველოს კონსული ოდესაში, თორნიკე ბერეკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციაც ესწრებოდა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ისაუბრეს ამ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში განვითარებული ურთიერთობების შესახებ. "საქართველოსა და უკრაინას ჰყავს საერთო მტერი, რომლის წინააღმდეგ აფხაზეთის ომში ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ უკრაინელები. დღეს კი_უკრაინაში ქართველები უკრაინელების გვერდით ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან", - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ შეხვედრაზე. ამავე შეხვედრაზე გაიმართა უკრაინელი ისტორიკოსის, ალექსანდრე მუზიკას წიგნის: "ქართველები სამხრეთ უკრაინის ისტორიაში: საერთო ზღვა და ხვედრი" პრეზენტაცია.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ასევე ოდესაში საქართველოს კონსულთან,თორნიკე ბერეკაშვილთან. საკონსულოში შეხვედრა შედგა ქართული საგანმათლებლო ცენტრის, "ივერიას" ხელმძღვანელთან, შორენა გეგეშიძესთან და ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგებთან, მეგი ლაშხიასა და გიული ქათამაძესთან, რომლებიც ოდესაში ქართველი ბავშვების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდასა და უკრაინელებში ქართული წერა-კითხვის გავრცელებას ემსახურებიან.