საზოგადოება
„ამის თვალსაჩინო მაგალითია 2013 წელს ალექსეევკაში, თბილისის მახლობლად ბიოლოგიური დაცვის მე-3 დონის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ექსპერიმენტები განსაკუთრებით საშიში დაავადებების გამღიზიანებლებთან” - მარია ზახაროვა

       საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში, შესაძლოა, „ქართული კვალი“ გამოჩნდეს. ამ თემის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა აშშ-ის სამხედრო უწყების სამედიცინო-ბიოლოგიური აქტიურობის შესახებ, მათ შორის - საქართველოში.
რუსეთის საზღვრებთან პენტაგონის სამედიცინო-ბიოლოგიური მასშტაბური საქმიანობა ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, – განაცხადა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრისას.
„არსებობს მრავალი პუბლიკაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის სამხედრო უწყების სამედიცინო-ბიოლოგიური აქტიურობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დებულება, კერძოდ კი, მეათე მუხლი ითვალისწინებს ბიოტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას, არის რამდენიმე საგანგაშო მომენტი, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. შეშფოთებას იწვევს ამერიკული საქმიანობის მასშტაბი პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, აშშ პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ქმნის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების ქსელს ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
„ამის თვალსაჩინო მაგალითია 2013 წელს ალექსეევკაში, თბილისის მახლობლად ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ექსპერიმენტები განსაკუთრებით საშიში დაავადებების გამღიზიანებლებთან. ახლა ეს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრია. გასაგებია, რომ ასეთ ცენტრებში შესაძლებელია ჩატარდეს კვლევები არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოსახლეობის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის ინტერესებში. ამიტომ სწორედ რუსეთის საზღვრებთან პენტაგონის სამედიცინო-ბიოლოგიური მასშტაბური საქმიანობის თავად ფაქტი ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ჩნდება კანონიერი კითხვა აშშ-ის ასეთი სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის რეალური მიზნების შესახებ.
„რაც შეეხება ბიოლოგიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს მისი განვითარების და პარტნიორების თავისუფალი არჩევის უფლება, თუმცა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა უნდა ჯდებოდეს მკაცრად დადგენილ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში, ხოლო სახელმწიფოები, რომლებიც იწყებენ რაიმე პროექტზე ერთობლივ მუშაობას, მკაფიოდ უნდა აცნობიერებდნენ მისი განხორციელების ყველა რისკსა და შედეგს, მათ შორის მეზობლებისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.