სამართალი
ქართული მარში „სასიკვდილო შიმშილობას“ იწყებს

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. „ქართული მარში“ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადება და "სასიკვდილო შიმშილობის" დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. მან ორგანიზაციის 7 წევრის გათავისუფლებაც მოითხოვა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
"სასიკვდილო შიმშილობა" 30 აპრილს დაიწყება და როგორც სანდრო ბრეგაძე ამბობს, ისინი დააყენებენ იმ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც, რომლებმაც „ქართული მარშის“ წევრების დაკავება დაგეგმეს. ბრეგაძის თქმით, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი, ასევე გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ „ქართული მარშის“ წევრებზე ზეწოლის შემსრულებლები არიან.
ეს არ იქნება წინა აქციებივით, რომლებიც უფრო დიეტას ჰგავდნენ. ეს იქნება 1981 წლის ირლანდიელი პატრიოტების მიერ დაწყებული აქციის მსგავსი - „სასიკვდილო შიმშილობა“, რომელსაც მაშინ, სამწუხაროდ, 10 ირლანდიელი პატრიოტი შეეწირა, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან პოლიციამ ქართული მარშის წევრები დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.