სამართალი
ვეძისის დასახლებაში დაჭრილ ოთხ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

     საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. თბილისში, ვეძისის დასახლებაში გვიან ღამით დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმ ზვიად ძნელაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებული – გოგონა მსუბუქად იყო დაჭრილი, რომელიც მალევე გაწერეს, ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს კი ქირურგიული დახმარება დასჭირდათ. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ზვიად ძნელაძის თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, შედარებით მძიმე იყო. სამედიცინო დახმარების შემდეგ ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ორი კი პალატაშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, დაახლოებით 19:00 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.