აქტუალური
სუს-ის მიერ ყველა საფრთხე სათანადოდ არის შეფასებული - არჩილ თალაკვაძე

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ისლამური სახელმწიფოს მიმართ ჩართულობა ჩვენს მოსახლეობაში შემცირებულია, რაც სუს-ის საქმიანობის წარმატებულობაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პარლამენტში დღეს განიხილავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს.
ჩვენ გავეცანით ანგარიშს. დიდი სამუშაოა გაწეული, გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს, ეს არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული საქმიანობა, სადაც აშკარაა, რომ დიდი სამუშაოა გაწეული და საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხე შემცირებულია. განსაკუთრებით გამოვყოფდი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვის, საზოგადოებაში ნიჰილიზმის, უნდობლობის, უიმედობის დანერგვის მცდელობებს და წყაროებს, რომლებიც ამაზე მუშაობენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ძალები გამოავლინა. გარკვეული წყაროების მიერ ანტიდასავლური განწყობების წახალისება ხდება, ყველა ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით სუს-ის საქმიანობას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სუს-ის მიერ ყველა საფრთხე სათანადოდ არის დანახული და შეფასებული.
ანგარიშში იმდენად დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია, რამდენადაც შესაძლებელია, ეს ღია წყაროებში აისახოს. ცალკეულ დეტალებზე, სპეციფიურ ინფორმაციაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა, როდესაც ნდობის ჯგუფი შეიკრიბება. მთავარია, ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული ასეთი ჯგუფების გამოვლენისა და ამ მიმართულებით სუს-ის მუშაობის შესახებ. საზოგადოებაც ხედავდა ამ პერიოდში, რომ გარკვეული ჯგუფები მართლაც ანტიდასავლური განწყობების წახალისებას ახდენდნენ, საზოგადოებაში თესავენ უნდობლობას, ნიჰილიზმს და ასევე ცდილობენ, რომ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგაზე გააღვივონ კონფლიქტები. მივესალმებით, რომ ყველა ეს საფრთხე სათანადოდ არის დანახული, შეფასებული და სუს- ამ მიმართულებით მუშაობს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ანგარიშში ამომწურავი ინფორმაციაა ანტიტერორისტულ მიმართულებაზე, ეს არ არის მხოლოდ სპეცოპერაცია, იმ ადამიანების დაკავება, ვინც ტერორისტულ საქმიანობას ეწევა, არამედ ლაპარაკია პრევენციულ ზომებზეც, სადაც მოცემულია შეფასებები.
მაგალითად, საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მიმართ დაინტერესება და ჩართულობა ჩვენს მოსახლეობაში არის შემცირებული, რაც აშკარაა, რომ ამ საქმიანობის წარმატებულობაზე მიუთითებს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშ სუს-ის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში დღეს წარადგინა.