აქტუალური
უცხოელი სტუდენტების ადვოკატი - მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის ამხანაგური მატჩი არარელევანტურია

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. სერიოზულად ვერ განვიხილავთ კახა კალაძის ინიციატივას, მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის ამხანაგური მატჩის გამართვა არარელევანტური გვგონია, – ასე გამოეხმაურა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის ინციდენტთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას უცხოელი სტუდენტების ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ადვოკატის თქმით, უცხოელი სტუდენტების ნაწილმა კახ კალაძის ინიციატივას კომიკური უწოდა.
კახა კალაძის განცხადებამ გაგვაკვირვა, ცოტა კომიკური გვეჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო აპარატი ახლა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და დამნაშავე პირები მიეცნენ პასუხისგებაში და ორიენტირებული არ უნდა იყოს დანაშაულის ჩაფარცხვაზე.
ამიტომ, სერიოზულად ვერ განვიხილავთ კალაძის ინიციატივას. ჩვენ გვგონია, არარელევანტურია მოძალადეებსა და მსხვერპლებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვა.
მე ვესაუბრე ნაწილს და ისინი ამბობენ, რომ მათთვის კომიკურია ეს განცხადება“, – აღნიშნა ადვოკატმა.
თბილისის მერი კახი კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.