საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა შემთხვევაში კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.
იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონებულია, ერთადერთი რეალური განსხვავება პარტნიორობასა და ოჯახს შორის არის ის, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. ყველა სხვა უფლებით ჰომოსექსუალთა პარტნიორობა ოჯახისგან არსებითად არაფრით განსხვავდება და რეალურად ეს არის იგივე ოჯახი, რომელსაც უბრალოდ სხვა სახელი მოუფიქრეს, რათა ამ ნორმის დამკვიდრების მიმართ მოსახლეობისგან რაც შეიძლება მცირე წინააღმდეგობა იყოს. ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც.