სამართალი
პოლიციამ "რუსთავი 2"-თან მომხდარ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან 19 მარტს მომხდარი ძალადობის გამოძიების ფარგლებში კიდევ 2 პირი დააკავეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ პირებს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, რაც ისჯება ჯარიმით ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით. ამავე საქმეზე 23 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება „ქართული მარშის“ 6 წარმომადგენელი. მათ ბრალად ედება ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, ცემა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება. 19 მარტს „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს და დააზიანეს ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის ავტომანქანა. „ქართული მარში“ აპროტესტებდა გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ხუმრობას იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვის შესახებ.