აქტუალური
ცხინვალი ამერიკელ დიპლომატებს ძალის არგამოყენების განცხადების მიღების ჩაშლაში ადანაშაულებს

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მურატ ჯიოევმა ამერიკელი დიპლომატები დისკუსიების 27-28 მარტის რაუნდზე ძალის არგამოყენების თაობაზე ერთობლივი განცხადების მიღების ჩაშლაში დაადანაშაულა.
2 აპრილს ცხინვალის ლიდერთან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა უკიდურესად არაკონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინეს და დოკუმენტში იმთავითვე მიუღებელი ცვლილებები შესთავაზეს.
კერძოდ კი ის, რომ განცხადებას იღებენ 2008 წლის 12 აგვისტოს (ცეცხლის შეწყვეტის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნები, რითიც შეეცადნენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მონაწილეებიდან გამოეყოთ“, - განაცხადა ჯიოევმა.
ჩვენ ვუთხარით, რომ ამგვარ ფორმულირებას არც კი განვიხილავდით და რომ სწორედ ამერიკული დელეგაცია ახდენდა სიტუაციის დესტაბილიზაციას“, - აღნიშნა ცხინვალის წარმომადგენელმა.
მან მომდევნო დღესაც განავრცო იგივე საკითხი და ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთის და საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა მიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეათანხმეს.
ჯიოევის თქმით, ამერიკული დელეგაცია ამ გზით შეეცადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჟენევის დისკუსიების მონაწილეებიდან გამოერიცხა“. „ამაზე ჩვენ კატეგორიული პროტესტი გამოვხატეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ დისკუსიები იმიტომ იმართება, რომ საქართველომ აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სჭირდებათ და მათი დაცვაა საჭირო ქართული აგრესიის გამეორებისგან“, - დასძინა ჯიოევმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართა და მონაწილეებმა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
მიუხედავად ადრე გაკეთებული განცხადებებისა, რომ მონაწილეები ძალის არგამოყენების განცხადებაზე კონსენსუსს უახლოვდებოდნენ, ბოლო რაუნდი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც თბილისმა მოსკოვი „დესტრუქციულ მიდგომაში“ და მოლაპარაკებების განზრახ ჩიხში შეყვანაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, მონაწილეებმა ვერ შეძლეს განცხადების პროექტზე შეთანხმება და ამჯერად, მიუღებელი იყო ამერიკული ფორმულირება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხასიათის შესახებ ძველ თეზისებს აბრუნებდა“. აშშ-ის მისიამ ჟენევაში მოკლედ აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ განცხადებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ჟენევის დისკუსიები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.