უცხოეთი
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი არ მიანიჭა

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. შესაბამისი დადგენილება საკასაციო სასამართლომ 28 მარტს გამოიტანა.
მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სარჩელი 6 თებერვალს შეიტანა. ადვოკატები კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოსა და კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდნენ, რომლებმაც სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, სასამართლომ საქმე მხარეების დაუსწრებლად განიხილა. დაცვის მხარის მტკიცებით, ამგვარად, პროცესი იყო გაუმჭვირვალე და მიკერძოებული. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ საქმეზე დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ.

1tv.ge