უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებზე უკრაინელები ძველ პარტიებს უბრალოდ ნაცარტუტად აქცევენ

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. მოძრაობა ახალი ძალების ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში არსებულ ვითარებას არსებითად შეცვლის.
„არჩევნები იქნება რეფერენდუმი ძველ პოლიტიკურ კლასზე. უკრაინელები ძველ პარტიებს უბრალოდ ნაცარტუტად აქცევენ” – აცხადებს სააკაშვილი უკრაინული ტელეარხის Newsone-ის ეთერში.
სააკაშვილის თქმით, ის ვერ ხედავს სცენარს, სადაც არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს.
„ყველას ესმის, რომ პოროშენკოს მომდევნო არჩევნებზე ხელახალი არჩევის არავითარი შანსი არ აქვს“, – აცხადებს სააკაშვილი.
ახალი ძალების ლიდერი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურშიც ვერ შეძლებს გადასვლას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პარტია პრაიმერიზის მომზადებით არის დაკავებული და კანდიდატურის წარდგენას გეგმავენ. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პარტია უკრაინაში ხელფასების ზრდაზე მუშაობს.
მისი თქმით, უკვე 2019 წლიდან მინიმალური ანაზღაურება ქვეყანაში 250 ევრო იქნება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 700 ევრომდე გაიზრდება.
სააკაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას სამუშაო ძალა დატოვებს და მეზობელ ქვეყნებს მიაშურებს, სადაც ანაზღაურების საკითხი ასე მწვავედ არ დგას.

1tv.ge