უცხოეთი
„სკრიპალის საქმეზე“ რუსეთის საელჩომ ოფიციალურ ლონდონს ნოტა და კითხვების 14-პუნქტიანი სია გადაუგზავნა

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “სკრიპალის საქმესთან” დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთთან დამატებითი კითხვები აქვს.
რუსეთის საელჩომ კვირას ოფიციალურ ლონდონს შესაბამისი ნოტა და კითხვების 14-პუნქტიანი სია გადაუგზავნა.
კერძოდ, რუსეთი დიდ ბრიტანეთს სთხოვს, განმარტონ, რის საფუძველზე განისაზღვრა, რომ სერგეი და იულია სკრიპალები რუსული წარმომავლობის ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთს აინტერესებს, აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთს საბრძოლო მომწამლავი ნივთიერების საკონტროლო ნიმუშები, რომელსაც ისინი “ნოვიჩოკად” მოიხსენიებენ.
პარასკევს, რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით, კითხვების 27-პუნქტიანი სია გამოაქვეყნა. საელჩოში არ გამორიცხავენ, რომ ახალი ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მათ დამატებითი კითხვები გაუჩნდეთ.
1. რატომ ეთქვა უარი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაზარალებულ რუსეთის ორ მოქალაქეს ესარგებლათ საკონსულოს მომსახურების უფლებით.
2. რომელი კონკრეტული ანტიდოტები და რომელი ფორმით იქნა შეყვანილი დაზარალებულთა ორგანიზმში. რომელი ანტიდოტები აღმოაჩნდათ ბრიტანელ მედიკოსებს ინციდენტის ადგილას.
3. რის საფუძველზე ჩაერთო საფრანგეთი იმ ინციდენტის გამოძიების ტექნიკურ თანამშრომლობაში, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები დაშავდნენ.
4. შეატყობინა თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, სოლსბერის ინციდენტის გამოძიებაში საფრანგეთის ჩართვის შესახებ.
5. რა კავშირი აქვს საფრანგეთს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ორი რუსი მოქალაქის ინციდენტთან.
6. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის რომელი პროცესუალური ნორმები იძლევა შიდაეროვნულ გამოძიებაში უცხო სახელმწიფოს ჩართვის შესაძლებლობას.
7. რა მტკიცებულებები გადაეცა საფრანგეთს შესასწავლად და საკუთარი გამოძიების საწარმოებლად.
8. ესწრებოდნენ თუ არა ფრანგი სპეციალისტები სერგეი და იულია სკრიპალებისგან ბიომასალების შეგროვებას.
9. ჩაატარეს თუ არა ფრანგმა სპეციალისტებმა სერგეი და იულია სკრიპალებისგან აღებული ბიომასალების გამოკვლევა და კონკრეტულად რომელ ლაბორატორიებში.
10. აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთს საფრანგეთის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალები.
11. გადაეცა თუ არა ფრანგული გამოძიების შედეგები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სამდივნოს.
12. რომელი ნიშნების საფუძველზე დადგინდა, რომ თითქოს “რუსული წარმომავლობის” ნივთიერება იქნა გამოყენებული სოლსბერიში.
13. აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთს საკონტროლო ნიმუშები – ეტალონები საბრძოლო მომწამლავი ნივთიერების, რომელსაც ბრიტანეთის წარმომადგენლები “ნოვიჩოკს” უწოდებენ.
14. მუშაობდნენ თუ არა დიდ ბრიტანეთში “ნოვიჩოკის” (ბრიტანული ტერმინოლოგიით) ტიპის საბრძოლო მომწამლავი ნივთიერების ნიმუშებზე.
ბრიტანული მხარის მტკიცებით, მამა და შვილი სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც რუსული წარმომავლობისაა.

1tv.ge