სამართალი
თავდასხმა მოზარდზე: აზერბაიჯანის მოქალაქემ თბილისელ მოზარდს ლიფტში თვალები დაუზიანა

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა ფშაველას მეშვიდე კვარტალში 13 წლის მოზარდზე სასტიკი ძალადობის ბრალდებით აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი ოთხშაბათს დღისით მოხდა. თვითმხილველების თქმით, მერვეკლასელი ბიჭი სკოლიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად ლიფტში შევიდა ბრალდებული, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მისთვის თვალების დათხრას შეეცადა. ბიჭმა ყვირილი დაიწყო. ყვირილზე გამოცვივდნენ მეზობლები, რომლებმაც პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ამჟამად მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტარდება ექსპერტიზა.
გამონაჟონია ელენთასთან, უნდა დავადგინოთ, ძველი გამონაჟონია თუ ახალი ტრავმაა. შევაფასებთ, შესაძლებელია თუ არა პაციენტის გადაყვანა სხვა კლინიკაში, რათა შეფასდეს თვალის მდგომარეობა. კონსულტაციას ჩაუტარებენ ოფთალმოლოგები. თუ გახდა საჭირო, ჩაუტარდება ოპერაცია და ისევ დაბრუნდება იაშვილის კლინიკაში. უფრო მეტი დაზიანება აქვს მარჯვენა თვალზე, თუმცა სისხლნარევი გამონადენი ორივე თვალზე შეინიშნება. პაციენტს აქვს ტვინის შერყევა. ანატომიურად ტვინი არაა დაზიანებული. სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. კისერზე არის ხრჩობის კვალი. საჭიროების შემთხვევაში პირველ რიგში ელენთაზე ჩაუტარდება ოპერაცია”, – განაცხადა ექიმმა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 126-ე მუხლით („დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია“), რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.