აქტუალური
დოკუმენტში, რომელიც რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე დიდმა ბრიტანეთმა მოამზადა, საქართველოზეც არის ლაპარაკი

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. რუსული გამოცემა „კომერსანტი“ აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც, გამოცემის ცნობით, მოსკოვში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში უცხო ქვეყნების დიპლომატებს 22 მარტს, რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე ოთხი დღით ადრე წარუდგინეს. დოკუმენტში საქართველოზეც არის ლაპარაკი.
როგორც რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ ჰანტსმანი ამბობს, სწორედ აღნიშნულმა დოკუმენტმა უბიძგა დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებს, რომ სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გაეძევებინათ. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რუსეთი ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამნაშავეა ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში.
დოკუმენტში თავდაპირველად მოთხრობილია მოვლენები ქრონოლოგიურად 2018 წლის 4 მარტიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შემდეგ კი აღწერილია ნივთიერება „ნოვიჩოკი“. ექვსგვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნივთიერებაზე მუშაობდნენ მხოლოდ რუსეთში და ის არ არის დეკლარირებული ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომწამვლელ ნივთიერებასთან კონტაქტი პოტენციურად, შესაძლოა, 131 ადამიანს ჰქონოდა, სამედიცინო შემოწმება 51-მა გაიარა. მომხდარის გამოძიებაში ჩართულია ანტიტერორისტული დანაყოფის 230 თანამშრომელი და 180 სამხედრო.
წარდგენილი დოკუმენტის მეხუთე გვერდზე ჩამოთვლილია რუსეთის მტრული მოქმედებების მაგალითები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. სულ სიაში რუსეთის ქმედებების 12 მაგალითია მოყვანილი: ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, კიბერშეტევა ესტონეთზე, საქართველოში ინტერვენცია, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის დესტაბილიზაცია, დონბასში MH17-ის ჩამოგდება, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმა, გერმანიაში დეზინფორმაციული კამპანია, დანიის თავდაცვის სამინისტროზე ჰაკერული თავდასხმა, 2016 წლის ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში, 2017 წლის ივნისში კიბერშეტევა Not Petya და ბოლოს სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 25-მა ქვეყანამ მიიღო.