სამართალი
თბილისის კრიმინალური პოლიციის სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელმა უფროსმა აღიარა, რომ პოლიციის მიერ დახოცილ უდანაშაულო ახალგაზრდებს იარაღი ჩაუდო!

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. შემთხვევის ადგილი გაყალბებულია, ეს გადმოცემით კი არ ვიცი, მეც იქ ვიყავი – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა.
მან ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
ლევან გვაზავას დაბადების დღე იყო. ყველა შევიკრიბეთ, მათ შორის, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი. ვსაუბრობდით და ცოტა ალკოჰოლური სასმელით ვთბებოდით. გვიან ღამით, დააახლოებით 02:00 საათზე რაციით გახდა ცნობილი, რომ წერეთლის გამზირზე მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის იყო დაპირისპირება.
ამის მერე გვაზავას დაუკავშირდა თანამშრომელი, მთხოვა, გამერკვია, რა ხდებოდა. დავრეკე მიქაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ მოხდა მცირედი შელაპარაკება და ცნობილი გახდა, რომ ადამიანი დაჭრილია. ამის მერე დავრეკე კრიმინალურ პოლიციაში, რათა შემთხვევის ადგილზე თანამშრომლები გაეგზავნათ. მერე მეც მივედი, თანამდებობის პირებიც, დავითიც, ირაკლიც.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ბევრი მანქანა დამხვდა. მიქაძე და დონაძე ჩემთან მოვიდნენ და ზურაბს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მან მითხრა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს, მოხდა მცირე შელაპარაკება, პოლიციამ საფრთხე იგრძნო და დამხმარე ჯგუფი გამოიძახაო. იყო ბაშალეიშვილი, რომელმაც შემთხვევითი გასროლა მოახდინა და დაჭრილია ადამიანი, რომელიც გარდაიცვალაო.
მე ვუთხარი, დანაშაული მოხდა და დააკავეთ-მეთქი. მივიღე განსხვავებული პასუხი, რომ ასე არ გამოვა, ისინიო შეიარაღებულები იყვნენო. მე ვუთხარი, რა ნაწილ-ნაწილ მელაპარაკები-მეთქი და მაშინ მითხრა, შეიარაღებულები არ არიან, მაგრამ უნდა იყვნენო. ამ დროს მივხვდი, რომ გაყალბება ხდებოდა.
საკუთარი თავის გამართლებას არ დავიწყებ, მე, ფირცხალავა და იაშვილი ამის წინააღმდეგი ვიყავით, ვუთხარი, არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება-მეთქი. მიქაძემ მითხრა, რომ თუ რამე პრეტენზია გაქვს, მიდი ხელმძღვანელობასთანო, საპატრულო ახალი შექმნილია და იმიჯი დაზანდებაო. მე ვარ მონაწილე, რომ გაყალბებულია შემთხვევის ადგილი, ეს გადმოცემით არ ვიცი, მე იქ ვიყავი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესს პირველად ესწრება აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელმაც სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა.
შსს-მ 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მარტს დააკავა.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.