რელიგია
ლუკაშენკო - ილია მეორეს: სამუდამოდ დამამახსოვრდება თქვენი სიტყვები - „რამდენ ხანს გელოდებოდით აქ“ (ვიდეო)

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ძალიან ვაფასებ, რომ ყოველთვის პოულობთ ჩემთან შეხვედრის დროს, მე კი გპირდებით, რომ ხშირად ჩამოვალ თქვენს ლამაზ ქალაქში, თქვენს ლამაზ ქვეყანაში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).
მე სამუდამოდ დამამახსოვრდება თქვენი სიტყვები, რომლებიც მითხარით, როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში. თქვენ მითხარით, რამდენ ხანს გველოდებით აქ. მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ, რომ ყოველთვის პოულობთ ჩემთან შეხვედრის დროს. მე კი გპირდებით, რომ ხშირად ჩამოვალ თქვენს ლამაზ ქალაქში, თქვენს ლამაზ ქვეყანაში. თუ თქვენი და უფლის ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით ხოლმე. ჩემთვის ეს დიდი სიხარულია და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ძალიან ძვირფასია. თქვენ ძალიან პატივცემული ადამიანი ბრძანდებით როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში“, – მიმართა პატრიარქს ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ყოველთვის თბილი ურთიერთობა იყო.
თქვენ ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ, თქვენ ჩვენი ჭეშმარიტი ძმები ხართ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ავაშენოთ თბილი, მეგობრული ურთიერთობები უკვე არა ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, არამედ როგორც ორმა სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.
ჩვენ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. გავაორმაგეთ სავაჭრო ბრუნვა და ვფიქრობ, უკვე მომავალ წელს მივაღწევთ 200 მილიონი დოლარის ნიშნულს. ჩვენი ურთიერთობების საფუძვლის შენება თითქმის ნულიდან დავიწყეთ, ეს უკვე აღვნიშნე მთავრობის წევრებთან შეხვედრისას. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებმა ჩვენს დელეგაციასთან ასე აქტიურად იმუშავეს იმისთვის, რომ გააფორმონ მრავალი შეთანხმება ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
თქვენო უწმინდესობავ, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, გაგიზიარებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ვიცით. მე ვუთხარი თქვენს პრეზიდენტს და ამას დღეს თქვენს პრემიერ-მინისტრსაც ვეტყვითუ ჩვენთან საქართველოსთვის რაიმე სასარგებლოს დაინახავთ, რისი გადმოცემაც ჩვენ თქვენთვის შეგვიძლია, დარწმუნებული იყავით, რომ ამას გავაკეთებთ ისე სწრაფად, როგორ სწრაფადაც მოისურვებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.