საზოგადოება
ზუგდიდელი პაპუნა ქოჩუა საქართველოს მოქალაქეობის დატოვებისთვის გადასახდელი თანხის შესაგროვებლად დახმარებას ითხოვს
moqalaqeoba,,ენერგო-პრო ჯორჯიადან” უკანონოდ გათავისუფლებულმა ზუგდიდელმა პაპუნა ქოჩუამ ორი თვის წინ წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე შესაძლო უარის თქმის შესახებ. ამის თაობაზე საქინფორმიც იუწყებოდა. ამ ორი თვის გასვლის შემდეგ პაპუნა ქოჩუამ გადაწყვიტა, უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე, თუმცა ის მთელ რიგ წინააღმდეგობას წააწყდა. ,,გასული წლის 12 დეკემბერს მე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს რესპუბლიკაში სამართალი არ არსებობს, ასევე არ არის არავითარი პირობები, რომ მუშა კაცმა თავი ირჩინოს; ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განვაცხადო. მეგონა, რომ განცხადების შემდეგ მომაკითხავდნენ ან სამართალდამცავი ორგანოებიდან, ან სოცუზრუნველყოფის წარმომადგენლები ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ფსიქიატრს მომიგზავნიდნენ, მაგრამ ძალიან შევცდი. პასუხი მივიღე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, მატყობინებდნენ, თუ რა საბუთები არის საჭირო იმისათვის, რომ დავტოვო საქართველოს მოქალაქეობა. განცხადების შინაარსი კი არავის აინტერესებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამისთვის გადასახდელი არის 400 ლარი,” – განუცხადა საქინფორმს პაპუნა ქოჩუამ და ასევე დახმარებისთვის თხოვნით მიმართავს საზოგადოებას: ,,გთხოვთ, ჩემო დებო და ძმებო, ქართველებო და არაქართველებო, დამეხმაროთ, რათა ეს თანხა შევაგროვო, გადმომირიცხეთ, თუნდაც ერთი თეთრი, რათა თავი დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს. ამიტომაც გავხსენი ანგარიში ლიბერთი ბანკში ,,GE27LB0711135321657000” თქვენზე მლოცველი პაპუნა ქოჩუა”.