საზოგადოება
საქართველო მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულშია

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველო მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში მოხვდა. რეიტინგი ბრიტანულმა კომპანია MoveHub-მა შეადგინა.
ავტორების განმარტებით, რეიტინგის შედგენისას მათ Numbeo-ს მონაცემებით ისარგებლეს, რომელიც სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში ცხოვრების სტანდარტებს ადგენს. მონაცემთა ბაზა სხვადასხვა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. სულ მოცემულია 50 კომპონენტი, მათ შორის საშუალო ფასები რესტორანში, ბოთლი ღვინისა და ჭიქა ყავის ღირებულება და ა.შ.
რეიტინგის თანახმად, ევროპაში ყველაზე იაფი ცხოვრება უკრაინაშია, მეორე ადგილზეა კოსოვო, ხოლო მესამეზე - საქართველო.
მსოფლიოში ყველაზე იაფ სახელმწიფოთა შორის პირველი არის პაკისტანი. ხუთეულში მოხვდა ეგვიპტე, ინდოეთი და ტუნისი. საქართველო ამ შემთხვევაში, მეშვიდე პოზიციას იკავებს. ათეულში შედის საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც მერვე პოზიციაზეა. ასევე ათეულშია ბანგლადეში და ალჟირი.
ყველაზე ძვირი კი ცხოვრება ბერმუდის კუნძულებზე აღმოჩნდა, ამ მხრივ მეორე ადგილზეა შვეიცარია, რომელსაც ირლანდია, ნორვეგია და ბაჰამის კუნძულები მოსდევენ. ძვირი ქვეყნების ათეულში შედიან ლუქსემბურგი, დანია, სინგაპური, იაპონია და ისრაელი.