სამართალი
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.
წილკანში შეკრებილები იყვნენ რიგითი მოქალაქეები, გარდაცვლილის თანასოფლელები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე სასულიერო პირები, რომლებმაც ტატუნაშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა აუწყა, - ჯერ გადავასვენებთ წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქიდან დაკრძალავენ ქანდის სასაფლაოზე, რომელიც გამოყოფილია 2008 წლის შემდეგ დევნილთათვის.
თინიკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ექსპერტიზის შედეგები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სახესა და ხელზე აშკარა დაზიანებები აღენიშნება“.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს ცხინვალიდან გუშინწინ საღამოს გადმოსცეს (ვიდეო იხ. აქ).