უცხოეთი
პოლონეთმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადოს და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პოლონეთმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადოს და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი პოლონური გამოცემა ავრცელებს.
მათი ვერსიით, ვარშავაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხსაც განიხილავენ. დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი ღიად დაადანაშაულა.
რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონრად შიმანსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა შეეცდება დაარწმუნოს გერმანია, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სოლსბერის ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი არ არის პარტნიორი, რომელიც ნდობას იმსახურებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო იქნა მიღებული.
12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.

1tv.ge