საზოგადოება
აშშ-ის ელჩი საქართველოში: საქართველოს საგარეო უწყებას აშშ-ის საელჩოსთან სანქციების თემაზე კონსულტაციები არ ჰქონია!

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. 15 მარტს აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას “რადიო თავისუფლების” შეკითხვაზე - დაუჭერდა თუ არა დასავლეთი და აშშ მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუკი მმართველი ძალა და ოპოზიცია შეთანხმდებოდნენ რეზოლუციის პროექტზე? - უპასუხა:
პრინციპში, ჩვენ ამას მხარს დავუჭერდით. რასაკვირველია, ჩვენ დაგვჭირდება ზუსტი ინფორმაცია სანქციების რაობაზე. ვფიქრობ, არსებობს ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ისეთი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს გახლავთ ანგარიშვალდებულების არარსებობა. ვგულისხმობ იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებებს შეუძლიათ, იმოქმედონ დაუსჯელად. რამდენიმე რამეს ვგულისხმობ: ვფიქრობ, სრულიად გამაოგნებელია ის, რომ მათ ოჯახისთვის არ დაუბრუნებიათ ბატონი ტატუნაშვილის ცხედარი. ეს, უბრალოდ, მიუღებელია! ეს გამაოგნებელია! ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა განვიხილოთ უფრო ფართოდაც: საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა - ან კამერის წინ აშკარად მოკლეს, ან - ძალიან საეჭვო ვითარებაში. ამას არ მოჰყოლია არანაირი ანგარიშვალდებულება და გამოძიება, რომელში მონაწილეობის საშუალებაც ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას“.
“რადიო თავისუფლება” დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საქართველოს საგარეო უწყებას სანქციების თემაზე კონსულტაციები აშშ-ის საელჩოსთან? - რაზეც იან კელიმ უარყოფითი პასუხი გასცა.