უცხოეთი
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველთან ვაშინგტონში გამართული კონსულტაციები განიხილა

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან, გაზრდილ საფრთხეებთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება გაუზიარა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
„საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის მზარდ, მილიტარისტულ რიტორიკას, დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მოქალაქის და ყოფილი მშვიდობისმყოფელის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს როლს, როგორც ამერიკული და დასავლური ინტერესების ფორტპოსტს რეგიონში, რომელსაც გამყარება სჭირდება და ეს ამერიკის უფრო აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი მარგველაშვილმა გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან იმ კონსულტაციებზე ისაუბრა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ს სენატსა და კონგრესში შედგა და ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლებისგან ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობას აქვს ორმხირივი, ორპარტიული მხარდაჭერა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე – საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ქვეყნის, როგორც ნატო-ს აღმოსავლეთის საკვანძო ბლოკპოსტის მნიშვნელობაზე.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი, როგორც აზიური და ევროპული ბაზრების დამაკავშირებელი ხიდი და კასპიის ზღვის ქვეყნებისა და ევროპის ეკონომიკური ბაზრების დამაკავშირებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფანი.

1tv.ge