საზოგადოება
საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობას ვერავინ შეაფერხებს - კახი კალაძე

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ „სითი პარკის“ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველო-ისრაელის ბიზნესურთიერთობას ავნებს, მანიპულირებაა.
ეს არის, უბრალოდ, არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს.
ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორი კომპანიაა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქართული ბიზნესი თუ უცხოური, ჩვენი კარი ყველასთვის არის ღია. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს, რა თქმა უნდა, მოვექცევით კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის მერიას არასდროს ჰქონია „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის პრობლემა. როგორც კალაძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, მერია მზად არის, საკუთარი პოზიცია სასამართლოში დაიცვას:
თუ კომპანიას ექნება სურვილი, სასამართლოში წავიდეს, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თუ ექნებათ სურვილი საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლის, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები.
თბილისის მერმა კახი კალაძემ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „სითი პარკში“ უსაფუძვლო უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს დააზიანებს ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის. ამასთან, 14 მარტს გავრცელდა „სითი პარკის“ მფლობელების განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ინვესტორის მხრიდან სისტემატური კომუნიკაცია უგულებელყოფილი იყო.