საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ვალეში სამლოცველოსთან კათოლიკური წმინდა წიგნები და ხატები დაწვეს (ვიდეო)

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, როცა ტაძარი უკვე დაკეტილი იყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ, შესაძლოა, დაინტერესებული პირები ამ გზით მართლმადიდებლების და კათოლიკე ქრისტიანების დაპირისპირებას ცდილობენ (ვიდეო იხ. აქ).
ვიღაცამ მიზანმიმართულად გააკეთა, რომ გამოიწვიოს ადგილობრივ ხალხში, განსხვავებული აღმსარებლობის მოსახლეობაში დაპირისპირება. რაც გააკეთეს, ვანდალური ფაქტია“, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მრევლმა შოთა გიქოშვილმა.
მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ამბობს, რომ მომხდარზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს.
წმინდა წიგნებისა და ხატების დაწვასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა გააკეთა.
ყოველი ადამიანისთვის მთავარია, რომ იყოს პატივისცემა თავისი რწმენის და სხვისი რწმენისთვის. ამიტომ ეს არის ნიშანი, რომ არ არის პატივისცემა“, - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მომხდარს პროვოკაცია უწოდა.
დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები სხვადასხვა აღმსარებლობას პრობლემას შეუქმნის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია, თუმცა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უკვე დაწყებულია.


საქინფორმი