ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა მცხეთის პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს (ვიდეო)
სამართალი
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა მცხეთის პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს (ვიდეო)

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის შენობა დატოვეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს (ვიდეო იხ აქ).
ქუტაშვილს და პავლიაშვილს პოლიციის შენობასთან ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. ისინი მცხეთიდან, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლებში წავიდნენ.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მანამდე კი დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს კახაბერ საბანაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდნენ.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის .. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევდა.