ოპოზიცია კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვას ეხმაურება
აქტუალური
ოპოზიცია კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვას ეხმაურება

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ქართულ-რუსული ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით „გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდებს, ასევე კვლავ გამოთქვამს აფხაზებთან და ოსებთან „პირდაპირი დიალოგისათვის“ მზადყოფნას.
ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ დაიწყეს მუშაობა რეზოლუციაზე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სახელით უნდა დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 22 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.
პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
სალომე სამადაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ნებას არ ფლობს და აჟღერებს ამ ქვეყანაში რეალური ძალაუფლების მქონე ადამიანის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, დღეს გაავრცელა გზავნილი, რომ იმ რეზოლუციის ტექსტიც კი, რომელიც თავად უმრავლესობამ შესთავაზა საქართველოს პარლამენტს, არ არის მისაღები ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, რომელიც გაცხადებულია და გულისხმობს, რომ საქართველომ არ უნდა შექმნას პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, საქართველომ რუსეთს ყოველთვის თავი უნდა დაუხაროს და არასდროს შეეცადოს, ხმამაღლა და ეფექტიანად დაიცვას საკუთარი პოლიტიკური ინტერესები. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს კაპიტულაციის შენელებული პროცესი“.
გიორგი კანდელაკი, „ევროპული საქართველო“: კვირიკაშვილის დღევანდელი წერილი, გარდა იმისა, რომ ერთგვარი ნაღვლიანი სადღეგრძელოა, ძალიან საგანგაშოა: ის ფაქტიურად აუქმებს ოკუპაციის ცნებას. თუ ვამბობთ რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და ოკუპანტს აქვს იქ არსებულ სტრუქტურებზეეფექტური კონტროლი“, ნებისმიერი საუბარიპირდაპირ დიალოგზეარის რუსული ნარატივის ლეგიტიმაცია, სადაც რუსეთი არ არის ამ კონფლიქტის მხარე. უკრაინის პრეზიდენტმა რომ თქვას, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დავიწყოო, იგივეა დაახლოებით“.
ირმა ინაშვილი, „პატრიოტთა ალიანსი“: არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი და განაცხადი, სრულიად კონკრეტული გზავნილებით. ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე, იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი, უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა (ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში), შესაძლოა, აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი“.