ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს
სამართალი
ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ტუსკის პირად წვლილს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში არსებული ის დინამიკური პროგრესი, რომელიც გასულ წელს ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოიხატა, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმებსა და, ასევე, რეფორმებს სექტორულ სფეროებში.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციისკენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენების საშუალებას არ იძლევა. ოკუპირებულ ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება კვლავ ეზღუდებათ.
ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს იმ დაუყოვნებელი რეაგირებისა და განცხადებისთვის, რომელიც ევროკავშირმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის პროვოკაციულ და ანექსიურ ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პრეზიდენტის თქმით, ბოლო ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას ოკუპირებულ რეგიონებში. აღინიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და ხელშესახები შედეგის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან ელოდება.
ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგსა და ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის ფორმატში კიდევ უფრო გააქტიურება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და გატარებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის პრევენციას ეხება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაუყოვნებლივ რეაგირებს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოთხოვნების ნებისმიერ დარღვევაზე. უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით კი იგეგმება საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება.
ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და, ასევე, სთავაზობს, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად დაჩქარებული პროცედურები გამოიყენონ.
დონალდ ტუსკისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.