რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის და დემოკრატიულობის შესახებ - - გულბაათ რცხილაძე სპეციალურად „საქინფორმისთვის“
პუბლიკაციები
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის და დემოკრატიულობის შესახებ - - გულბაათ რცხილაძე სპეციალურად „საქინფორმისთვის“

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ქვეშ ექცევა. დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის მით უფრო საინტერესოს ხდის ამ არჩევნებს. დასავლეთი, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებს და ამ პროპაგანდის ქვეშ საქართველოც მოექცა თავისი ფსევდოჟურნალისტიკითა და არარაობა პოლიტიკოსებით, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ გააკრიტიკოს პრეზიდენტი პუტინი და მას ბრალი „ავტორიტარიზმში“ დასდოს.
მაგრამ რეალურად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის ხარისხს წუნს ვერ ადებენ. პუტინის ავტორიტარიზმის შესახებ საუბარი ცარიელა ლაყაფია და სინამდვილეს არ ასახავს. ამის დასტურად წინასაარჩევნო კამპანიის ცალკეული პარამეტრები გამოდგება.
საპრეზიდენტო კანდიდატების მრავალფეროვნება
     საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების, ფასეულობების, იდეოლოგიის მქონე ადამიანები. რუსეთში მმართველი „ედინაია როსიას“ შემდეგ ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი პარტია კომუნისტები არიან, რომლებმაც პოლიტიკის ვეტერანის, გენადი ზიუგანოვის ნაცვლად, უფრო ახალგაზრდა და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი კანდიდატი, პაველ გრუდინინი წარმოადგინეს. გრუდინინი წარმატებული საბჭოთა მეურნეობის დირექტორია, მისი ძლიერი მხარეა ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების საფუძვლიანი ცოდნა. „ლიბერალ-დემოკრატების“ უცვლელი ლიდერი, 71 წლის ლიბერალ-დერჟავნიკი ვლ. ჟირინოვსკი უკანასკნელად გამოვა ამ არჩევნებზე კანდიდატად. რადიკალი კომუნისტების ლიდერია მაქსიმ სურაიკინი, ხოლო ლიბერალურ ფრთას, ქსენია სობჩაკი და გრიგორი იავლინსკი წარმოადგენენ. საპრეზიდენტო კანდიდატად ასევე დარეგისტრირებული არიან ბიზნეს-ომბუდსმენი ბორის ტიტოვი და „დერჟავნიკი“ სერგეი ბაბურინი. თავის ბოლო საპრეზიდენტო მმართველობის ვადაზე პრეტენზია განაცხადა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. საინტერესოა, რომ ვ. პუტინმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა არა მმართველი პარტიის, არამედ, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით.
შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები (ამჟამინდელი პრეზიდენტიანად, სულ 8 პიროვნება) თითქმის მთლიანად ასახავენ რუსეთის ამომრჩევლების სპექტრს. აქ არიან მემარცხენე კონსერვატორები, „ხალხოსნები“ და მემარჯვენე ლიბერალები, ასევე ცენტრისტი პრეზიდენტი. წარმოდგენილი არ არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ამ მხრივ, რუსეთის არჩევნები სავსებით პასუხობს დემოკრატიულობის სტანდარტებს.
კანდიდატების დაცულობა კანონის ძალით
     პრეზიდენტის არჩევნებს განსაზღვრავს კანონი „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“. ამ კანონის ძალით, ისევე, როგორც კონსტიტუციით და სხვა კანონებით, გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვა. ნებისმიერი კანდიდატი და მისი მხარდამჭერები დაცულნი არიან თავიანთი აზრის გამოხატვასა და არსებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკაში. გავიხსენოთ, რა ხდებოდა საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ, როგორ ესროდნენ ქვებს ოპოზიციას, დაქირავებული „ზონდერბრიგადები“ სცემდნენ ოპოზიციის აქტივისტებს, ლანძღავდნენ მათ ლიდერებს, ჟურნალისტები კი კომპრომატებს თითხნიდნენ მათზე. დღევანდელ საქართველოში ეს ასე აღარ არის, მაგრამ რუსეთში არც ხუთიოდე წლის წინ იყო ასე, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში მოხდა კანონმდებლობის დახვეწა და მეტი დემოკრატიული ელემენტების შემოტანა.
მასმედიაში აზრის გამოხატვის და კრიტიკის თავისუფლება
     კანონმდებლობით, საპრეზიდენტო კანდიდატებს გამოყოფილი აქვთ სატელევიზიო საეთერო დრო, ამომრჩევლებთან თავისუფალი ურთიერთობისათვის. უზარმაზარი რუსეთის პირობებში ტელევიზიას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აკისრია ამ მხრივ, ვიდრე, დავუშვათ, პატარა საქართველოში, სადაც, ტელევიზიების მიერ ინფორმაციების დაბლოკვის შემთხვევაში (და ასეთი არაერთი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ), კანდიდატებს შეუძლიათ, შედარებით სწრაფად მოიარონ მთელი საქართველო და უშუალოდ შეხვდნენ ამომრჩევლებს. ასეთი რამ რუსეთში, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო რთულია. ამიტომაც კანდიდატები აქტიურად იყენებენ საეთერო დროს ტელევიზიასა და რადიოში. ამას ემატება კონკურენცია ინტერნეტ-სივრცეშიც.
კანონი საშუალებას აძლევს ტელევიზიებს, თავად განსაზღვრონ დებატების ფორმატი. საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეთანხმებით, განისაზღვრა ერთობლივი დებატები, პირდაპირი ეთერით. პრეზიდენტმა პუტინმა ნებაყოფლობით თქვა უარი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთა შორის, რამდენიმე ცნობილი ქართველიცაა, სხვადასხვა რეგიონებში აწარმოებენ ხალხთან შეხვედრებს.
ტელედებატები ემოციების მაღალი გრადუსით გამოირჩევა. მრავალრიცხოვანი აუდიტორიის ყურადღება ყველა კანდიდატმა მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლო. ყოველ მათგანს ჰქონდა და არჩევნებამდე კიდევ აქვს თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა. სრულიად უცნობი პოლიტიკოსის მდგომარეობიდან, პაველ გრუდინინმა რეიტინგის არსებითი გაზრდა შეძლო და იგი რეალურად იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის თუ არა, მეორე ადგილისათვის მაინც, თანაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით (10 პროცენტზე მეტი). მას ხელს უშლის მასმედიის მიერ აქცენტის გადატანა საზღვარგარეთულ საბანკო ანგარიშებზე და შვილების ბიზნესებზე, ასევე საზღვარგარეთ. მაგრამ გრუდინინს ყველა საშუალება აქვს, უპასუხოს ამ კრიტიკას და პასუხობს კიდეც. ხოლო მასზე მიტანილი საინფორმაციო იერიში ირიბად ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ არის ფორმალობა, არამედ გრუდინინში რეალური კანდიდატი დაინახეს.
სატელევიზიო დებატები ხანდახან ზედმეტად მძაფრ ფორმებს იღებს. ასე მაგალითად, გრუდინინმა მიატოვა ცენტრალური ტელევიზიის პირდაპირი ეთერი, რადგან მას არ მოეწონა სტუდიაში მიმდინარე აყალ-მაყალი, ხოლო მეორე სატელევიზიო ეთერში ჟირინოვსკიმ გალანძღა ქსენია სობჩაკი, რომელმაც მას პასუხად წყალი გადაასხა. ერთი მხრივ ეს ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი დასამახსოვრებელი, თუნდაც უარყოფითი ეპიზოდები, უფრო მეტ ყურადღებას აჩენს არჩევნების მიმართ, ამომრჩევლის მხრიდან. ასეთი ფაქტები ცხადჰყოფს, რომ რუსეთში მიმდინარეობს დაძაბული საარჩევნო პროცესი, წინასწარი „ჩაწყობის“ გარეშე.
     დიდი ფულისდახარჯვის აუცილებლობის არარსებობა
განსხვავებით „ყველაზე დამოკრატიული“ ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნებისაგან, რომლის ფარგლებშიც ათეულობით მილიარდი დოლარი იხარჯება, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ფრიად მცირებიუჯეტიანია. წარსულს ჩაბარდა ანტიდემოკრატიული, ფულზე და ძალადობაზე დამყარებული არჩევნები, როგორიც რუსეთში ბოლოს 1996 წელს ჩატარდა.
დღესდღეობით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანონით არის გათვალისწინებული კანდიდატის მიერ დასახარჯი ფულის ლიმიტი. თანხა არ უნდა აღემატებოდეს 400 მილიონ რუსულ რუბლს, რაც, 10 მილიონ დოლარზე ნაკლებია. საერთაშორისო მასშტაბებით, ეს არის ძალიან მცირე თანხა (მაგალითად, საფრანგეთში, ერთ კანდიდატს 22.5 მილიონ ევრომდე შეუძლია, დახარჯოს). წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმაც წამოაყენა, მაგრამ მიუხედავად მისი დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა, მისი შედეგი არჩევნებზე ძალიან მოკრძალებული აღმოჩნდა. დღევანდელი რუსული სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ ოლიგარქებს არ აქვთ საშუალება, თავიანთი ფულადი სახსრებით გადაწყვიტონ არჩევნების ბედი. ესეც, ალბათ საკამათო არ უნდა იყოს, დემოკრატიული მიღწევაა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია
     კანონმდებლობით, რუსული ცესკო მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ხელისუფლების არც ერთ შტოს არ განეკუთვნება, თუმცა მისი 15 წევრი კომპლექტდება პრეზიდენტისა და პარლამენტის ორივე პალატის მიერ. ცესკოს აქვს დიდი უფლება-მოსილებები, აკონტროლოს წინასაარჩევნო პროცესი მისი დემოკრატიულობის თვალსაზრისით.
ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა ელა პამფილოვა, ცნობილი უფლებადამცველი, რომელიც სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2010 წელს მან პროტესტი გამოთქვა სპეცსამსახურების უფლება-მოსილებების გაზრდაზე და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. 2014 წელს იგი ვლადიმირ პუტინმა საზოგადოებრივი პალატის წარდგინებით დანიშნა უფლებამოსილ პირად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, 2016 წლიდან კი - ცესკოს თავმჯდომარედ.
ბოლო პერიოდში, ცესკოს ინიციატივით, დაიხვეწა და უფრო დემოკრატიული გახდა რიგი საარჩევნო პროცედურებისა, ასევე არჩევნების ტექნიკური მხარე.
ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლები
     არჩევნების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობას არჩევნების დღეს დაიცავს მრავალრიცხოვანი ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი. წავიდა ის დრო, როდესაც რუსეთის საშინაო საქმეებში ერეოდნენ უცხოელები, მაგრამ ახლა უცხოურ სადამკვირვებლო მისიებს აქვთ საშუალება, რუსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვით, დემოკრატიული დაკვირვება განახორციელონ არჩევნებზე. საამისოდ რუსეთის სახელისუფლებო შტოები თავად იწვევენ დამკვირვებლებს უცხოეთიდან, მაგრამ უცხო სახელმწიფოების მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღიარებულ პიროვნებებს თავადაც შეუძლიან მიმართონ რუსეთს, არჩევნების დაკვირვებაში მონაწილეობის მისაღებად.
კანონი განსაზღვრავს, რომ „უცხოელი (საერთაშორისო) დამკვირვებელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნისას სარგებლობს რუსეთის ფედერაციის მფარველობით. საარჩევნო კომისიები, ფედერალური სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, უცხოელ (საერთაშორისო) დამკვირვებელს აღმოუჩინონ საჭირო დახმარება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“.
წელს, არჩევნების დაკვირვების მიზნით, საქართველოს წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი, რომელთა შორის ამ სტრიქონების ავტორიც გახლავთ.
     ასეთი გახლავთ რეალობა, რუსეთში 18 მარტს შედგება ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნები. ვლადიმირ პუტინი თავისი რეიტინგით ბევრად აღემატება კონკურენტებს, მაგრამ ამას არანაირი კავშირიავტორიტარიზმთანარ აქვს. პუტინიც ისევე ცდილობს, დაარწმუნოს ამომრჩეველი თავისი კანდიდატურის სისწორეში, როგორც სხვა კანდიდატები. სხვა საქმეა, რომ ამომრჩევლები მის სიტყვას უფრო ენდობიან, ვიდრე მისი კონკურენტებისას. საქართველოს ხელისუფლებას, სურვილის შემთხვევაში, ექნება საშუალება, აწარმოოს საქართველოსათვის აგრერიგ საჭირო დიალოგი რუსეთის დემკრატიულად არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფალთან.
გულბაათ რცხილაძე - სპეციალურადსაქინფორმისთვის