აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი არმენ სარქისიანს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არმენ სარქისიანს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.
მინდა, მივულოცო წარმატებული არჩევნები არმენ სარქისიანს, რომელიც ასევე საქართველოს მეგობარია. ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა, ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულოს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
სომხეთის ეროვნულმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად მმართველი პარტიის კანდიდატის არმენ სარქისიანის არჩევას მხარი დაუჭირა. მას პარლამენტის 90-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 10 იყო.