აქტუალური
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო,
მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს და სწორედ ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. სწორედ ამ წლების განმავლობაში გახდა შესაძლებელი ნდობაზე დამყარებული ურთიერთასასარგებლო პარტნიორობის განვითარება ორ მოძმე ქვეყანას შორის. 2017 წლის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა დონის არაერთი ორმხრივი ვიზიტი, ასევე, შეხვედრები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. გასული წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და დღეს ჩვენ გვაქვს საპასუხო ვიზიტი სომხეთში. ასევე, გასული წლის დეკემბერში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი და მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვილად უმაღლეს ნიშნულზეა. ვიზიტის მნიშვნელობასა და განსახილველი საკითხების ყოვლისმომცველობაზე მეტყველებს დელეგაციის შემადგენლობა. საქართველოს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების მინისტრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობისა. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას. მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ასევე მინდა, ჩემს კოლეგას მივულოცო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი სომხეთში. ეს წარმატება ჩვენც გვახარებს, როგორც სომხეთის მეზობელ და მეგობარ ქვეყანას.
ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები, ხელოვნება, განათლება და, რა თქმა უნდა, მოსწავლეების და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებს და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
ასევე მნიშვნელოვანია უახლესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და გამოცდილებების გაცვლა და მე მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ვეწვევი ერევნის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ ცენტრ „თუმოს“. ვიმედოვნებ, ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი კოლეგის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, რომ მრავალმხრივ პროექტებში სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, თავის მხრივ, აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ჩვენ მივესალმებით, ასევე, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოველმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს და ორივე მხარე შევთანხმდით, რომ აუცილებელია მაღალი დონის ვიზიტების კიდევ უფრო გააქტიურება. აგრეთვე, დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა, რათა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა მომზადდეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს ასეთი შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება.
მინდა, ასევე, გამოვეხმაურო იმ სახელისუფლებო რეფორმებს, რომელიც სომხეთში ხორციელდება. მინდა, მივულოცო წარმატებული არჩევნები არმენ სარქისიანს, რომელიც ასევე საქართველოს მეგობარია. ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა, ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულოს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში. მინდა, ასევე, გამოვთქვა კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებების შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებით - მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან საჭირო შეხვედრები.
მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს გულთბილი მიღებისათვის და მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება ჩვენს მოძმე მეგობარ ქვეყანას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი:
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, პატივცემულო ბატონო პრემიერო, პატივცემულო მეგობარო!
კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ და თქვენი ხელმძღვანელობით სომხეთში ჩამობრძანებულ დელეგაციას.
მოხარულნი ვართ თქვენი ვიზიტით. უნდა დავაფიქსირო, რომ სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება. დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზე თბილ და კონსტრუქციულ გარემოში. განვიხილეთ როგორც ჩვენი ორმხრივი, ისე რეგიონული საკითხები. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით იმ ქმედებებზე, რაც უნდა განვახორციელოთ საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი. საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც. უნდა დავაფიქსირო, რომ როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებული შეხვედრიდან ძალზე კარგი განწყობით გამოვედით. ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე, ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ აქ ბრძანდებით.