აქტუალური
სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლი დაიწყო

sursatiდღეიდან "სურსათის ეროვნული სააგენტო" სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს იწყებს. პირველი შესამოწმებელი ობიექტი კომპანია "მითანა" იქნება.

სს "ანა ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს სამი სხვადასხვა მიმართულების მქონე კომპანიას, ესენია: ხორც-პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა "მითანა", საკონდიტრო პროდუქციის წარმოებელი ფაბრიკა "ტკბილი ქვეყანა" და სადისტრიბუციო კომპანია "კანტი".

2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო კონტროლი სურსათის მწარმოებელ კომპანიებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი რისკის საწარმოები ინსპექტირებას დაექვემდებარა.

როგორც "სურსათის ეროვნული სააგენტოში" განმარტავენ, საწყის ეტაპზე სააგენტო ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეამოწმებს.

2010 წელს სამსახურის მიერ 51 ექსპორტიორი კომპანია შემოწმდა, ხოლო 2011 წელს 200 სურსათის მწარმოებელი კომპანია შემოწმდება.

სურსათის მწარმოებელ კომპანიებს საწარმოს კანონით გაწერილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთი წელი აქვთ.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით, სამსახურს, გეგმიური შემოწმების გარდა, არაგეგმიური შემოწმების უფლებაც აქვს, თუმცა არაგეგმიური შემოწმების განსახორციელებლად სამსახურს სასამართლოს ნებართვა სჭირდება.

"სურსათის ეროვნული სააგენტო" სურსათის მწარმოებელ საწარმოში გამოვლენილი დარღვევის შემდეგ, საწარმოს რეკომენდაციასა და პრობლემების აღმოსაფხვრელად გარკვეულ ვადას აძლევს. თუკი გაწერილ ვადაში კომპანიამ პრობლემა არ მოაგვარა, მაშინ მეწარმე დაჯარიმდება.