პოლიტიკა
რატომ აჭიანურებს მოსკოვი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის კანდიდატურაზე დათანხმებას?

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. მოსკოვში მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებისთვის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის გამგზავრების თარიღი უცნობია, რადგანაც ჯერჯერობით რუსეთიდან სამუშაო ვიზაზე თანხმობა მიღებული არ არის, იუწყება სააგენტო “Новости-Грузия” მღვდელმსახურზე დაყრდნობით.
კახაბერ გოგოტიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით არქიმანდრიტ მირიან შენგელიას ადგილი უნდა დაიკავოს, რომელიც მანამდე მსახურობდა მოსკოვში მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. არქიმანდრიტი მოსკოვიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა, თუმცა უცნობია, თუ რომელ ტაძარში გააგრძელებს იგი მოღვაწეობას.
ჯერ არ ვიცი, როდის შევძლებ მოსკოვში გამგზავრებას. მოსკოვიდან ოფიციალურ წერილს ველოდები. როდესაც მივიღებ, მაშინ შევძლებ გამგზავრებას", — განაცხადა დეკანოზმა გოგოტიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გოგოტიშვილს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.
მოსკოვში მთავარმოწამე წმინდა გიორგის ტაძარი ქართული დიასპორის სულიერი ცენტრია, სადაც, ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეთანხმების საფუძველზე, მსახურება ქართულ და რუსულ ენებზე მიდის. ტაძარი ვახტანგ VI-ის ძემ, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფმა გიორგი ბატონიშვილმა 1750 წელს დააარსა.