სამართალი
ნათია მეზვრიშვილი - თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილოს

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მალე დაიწყება. კანონპროექტით, პოლიციელთა მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე სანქცია მკაცრდება.
კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული. ეს ეხება პოლიციელთა მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციის გამკაცრებას, იგულისხმება ჯარიმის ოდენობის გაზრდა. ჯარიმა იქნება 1000-დან 4000 ლარამდე. რა არის ამისი მიზეზი? ჩვენ ორივე მხარეს ვუწესებთ ძალიან მაღალ სტანდარტებს. თითოეული პოლიციის თანამშრომელი აღიჭურვება სამხრე კამერებით, ანუ სტანდარტი ამ მიმართულებით პოლიციის მხარეს გავზარდეთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, პოლიციელი, რომელიც უფლებამოსილებას გადაამეტებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კანონით დადგენილი წესით დაისჯება, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ამის მაგალითებიც არსებობს.
ამ კანონპროექტით მეორე მხარესაც ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა, რომ როდესაც პოლიციის თანამშრომელი კანონიერ მოთხოვნას მოქალაქეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უყენებს, საუბარია კანონიერ მოთხოვნაზე, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პოლიციის თანამშრომელს დაემორჩილოს. არსებული სანქციები იყო ქმედების შეუსაბამო, შესაბამისად, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ მიმართულებით ჯარიმები გაგვეზარდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ორმხრივია.
მეზვრიშვილის თქმით, კამერები, რომლებითაც პოლიციელები იქნებიან აღჭურვილი, მოქალაქისა და პოლიციელის ურთიერთობას დააფიქსირებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციარული სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას – 15 დღემდე ვადით.