სამართალი
ქართულმა მხარემ გერმანიას საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესთავაზა

     საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. გერმანიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში სტატუსის მინიჭება შევთავაზეთ, - ამის შესახებ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანმა შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის გერმანიასა და ავსტრიაში ვიზიტზე ილაპარაკა.
ამასთან, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებლების ციფრები მზარდია, მაგრამ საგანგაშო არ არის.
„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიასა და ავსტრიაში იმყოფებოდა. გერმანიაში ჩრდილოეთ ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრს და ასევე ოფიციალურ პირებს შეხვდა. ავსტრიაში კი შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ნინო ჯავახაძემ ინიციატივები წარადგინა, რომელიც საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს. კერძოდ, გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე პოლიციის ატაშეების არსებული ინსტიტუტის გაძლიერება და საჭიროებისამებრ ახალი პოლიციის ატაშეების წარგზავნის შესახებ.
თავშესაფრის მაძიებლების ციფრები მზარდია, მაგრამ საგანგაშო არ არის. კონკრეტული თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ამ საკანონმდებლო ინიციატივების და ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთავაზება მოხდა, რასაც გერმანიისა და ავსტრიის მხარე მიესალმა.
პოლიციის ატაშეების და არსებულ სამართალდაცვით სფეროში თანმშრომლობასთან დაკავშირებით კმაყოფილება ერთხმად ყველამ აღნიშნა. კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა არ ყოფილა. თუმცა გერმანიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში სტატუსის მინიჭება შევთავაზეთ. ავსტრიასთან ეს სტატუსი უკვე გვაქვს. რეადმისიის ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებაც ერთხმად იყო აღნიშნული.
თავშესაფრის მაძიებლების მზარდი რაოდენობა კონკრეტულ მიწაზე მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით შეშფოთებას წარმოქმნის. ორგანიზებული დანაშაული არც ავსტრიაში და არც გერმანიაში საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ორივე ქვეყნის ოფიციალურმა უწყებამ აღიარა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, 9 მარტს ევროპოლში შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება. მაჭავარიანის ინფორმაციით, ხელი მოეწერება ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელთა მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს წარადგენს და ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხი შეიქმნება.
„ამით ჩვენ შევძლებთ, ინფორმაცია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს გავუცვალოთ.
ბოლო ინფორმაციით, ლუქსემბურგმა მიანიჭა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ამ ეტაპზე ეს სტატუსი შვიდ ქვეყანასთან გვაქვს. ვცდილობთ, ყველა ქვეყანა დავფაროთ”, - განაცხადა ეკა მაჭავარიანმა.