აქტუალური
ევროკავშირი: ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვა ღრმა შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს

     საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთში, საქართველო, განვითარებული უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვა და სხვა ორი მოქალაქის დაკავება ღრმა შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა მაია კოჩიანჩიჩმა 25 თებერვალს.
ევროკავშირი მზადაა, მისი სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საშუალებით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს - შეუფერხებელი გამგზავრება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
უკანასკნელი მოვლენები ხაზს უსვამს დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას გამჭვირვალეობისა და ნდობის უზრუნველყოფისათვის. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე მონიტორინგის მისიის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ევროკავშირი.
შეშფოთება ინციდენტის თაობაზე ასევე გამოხატა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. „რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უმოწყალო რეჟიმის მახინჯი სახე. ვგმობ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნას და მხარს ვუჭერ მოწოდებას, რომ ადგილზე ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების მექანიზმები“, - დაწერა მან Twitter-ზე 25 თებერვალს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა. ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა“.
ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების სამსახურმა აწამა და მოკლა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა და მას ცემის კვალი აღენიშნებოდა.
მიუხედავად უამრავი თხოვნისა, ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ არ გადმოუყვანიათ.

წყარო: civil.ge