აქტუალური
საზღვრისპირა მავთულხლართები ადგილობრივთა უფლებებს ლახავს - Amnesty International

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის Amnesty International-ის ცნობით, საზღვრისპირა სოფლებში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს ლახავს. ანგარიშის შესახებ 1tv წერს.
ანგარიშის თანახმად, რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა ე.წ. საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს. საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით კი, ათობით ადამიანის დროებითი დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა.
ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.