აქტუალური
დანია საქართველოსა და უკრაინას 860 მილიონ კრონს გამოუყოფს

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც პირველი არხი იუწყება, დანია უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინას 860 მილიონ კრონს (დაახლოებით 142 მილიონ დოლარს) გამოუყოფს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი 20-23 თებერვალს უკრაინასა და საქართველოს ეწვევა. დიპლომატის ვიზიტი ამ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან, რეფორმების მხარდასაჭერად ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და საქართველოსთვის მეზობლობის ახალ პროგრამას აამოქმედებს. აღნიშნული პროგრამის თანახმად, დანია ამ ქვეყნებში რეფორმების მხარდასაჭერად უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 860 მილიონ კრონს გამოყოფს.
ჩემი ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს იმაზე, რომ დანია უპირობოდ უჭერს მხარს ორ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის და სადაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ანდერს სამუელსენმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთის ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ, საქართველომ და უკრაინამ დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმები უნდა განახორციელონ.
არსებობს ორი ქვეყანა, რომლებსაც სურთ, ევროპული ღირებულებების საფუძველზე განვითარდნენ, თუმცა რუსეთი სამხედრო აგრესიის გზით და სხვა ხერხებით მათ დაბრკოლებას ცდილობს და ცდილობს, არ მისცეს საშუალება ამ ქვეყნებს, რომ თვითონ აირჩიონ განვითარების კურსი. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის აგრესიაზე საუკეთესო პასუხი რეფორმებია. რეფორმები ქვეყნებს აძლიერებს და ევროპასთან აახლოებს“, – განაცხადა სამუელსენმა.