აქტუალური
„შტადლერ რეილ ეი ჯი" ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. კომპანია STADLER-ის პრეზიდენტი პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონული შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირებისთვის მზადყოფნა მიმდინარე წლის ივნისში გამოხატა, რასთან დაკავშირებითაც „შტადლერსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.