აქტუალური
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის მოხსენება: 2018 წელს საქართველოსთვის მთავარი საფრთხე - რუსეთია

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. გლობალური საფრთხეების შესახებ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის მოხსენებაში საქართველოზეც არის ლაპარაკი. დენიელ კოუტსის ანგარიში სახელწოდებით აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასებააშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა რჩება. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დასავლური ინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ დარჩება”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება, სავარაუდოდ, ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას."
აშშ-ის დაზვერვა უკრაინაში ვადამდელ არჩევნებსაც პროგნოზირებს. ანგარიშის მიხედვით, ოპოზიცია შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტოს. დოკუმენტის ავტორების აზრით, ეს ყველაფერი ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეა და, შესაძლოა, საშინაო პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ვინაიდან თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობა უუნაროა. ზოგიერთები პოროშენკოს იმპიჩმენტის ინიციატივითაც გამოდიან.