სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც 9-წლიან პატიმრობას გულისხმობს.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მკვლელობის მომზადების მოტივის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც შურისძიების ნაცვლად ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებას დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა. მას ცხრა წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა.