საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ა.პ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის, 1981 წელს დაბადებული ვ.ა-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში ა.პ-მ კონკრეტულ პირს იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მოიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.
გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.