წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ანდრიაძემ ფონდის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
"ეს არც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო ფონდისა და არც არქიტექტორების ბრალია. სამებაში ტრანსპორტით შემოსვლა აკრძალული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. მოედანზე არ შეიძლებოდა ავტომობილებით გადაადგილება. ამ ყველაფერმა ზიანი მიაყენა სამების ტაძრის მიწისქვეშა ნაწილს",- აღნიშნულია ირაკლი ანდრიაძის განცხადებაში.
ანდრიაძის ინფორმაციით, მისთვის უცნობია, ვინ აწარმოებს სამების საკათედრო ტაძრის 3000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერასის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
"ჩვენი ფონდი წყვეტს არსებობას, რადგან დღეს უკვე არავინ არაფერს გვეკითხება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მიმდინარე სამუშაოებზე",- განაცხადა ირაკლი ანდრიაძემ.
ტერასიდან წვიმის წყალი არა მარტო ახალგაზრულ ცენტრს, არამედ ფოიესაც აზიანებს. ტაძრის ეზოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა საქინფორმთან საუბრისას საქმეთა მწარმოებლებმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს. სამშენებლო კომპანიის ვინაობა უცნობია სამების საკათედრო ტაძრის მთავარ არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილისთვისაც.