აქტუალური
ილჰამ ალიევი: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერევანი - ჩვენი ისტორიული მიწა

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და არც ვივიწყებთ ჩვენს ისტორიულ მიწებს. ეს უნდა იყოს ჩვენი შემდგომი მოღვაწეობის მიმართულება. ჩვენი ისტორიული მიწები არის ერევნის სახანო, ზანგეზური, -განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარტია “ენი აზერბაიჯანის” მე-6 ყრილობაზე. ინფორმაციას აზერბაიჯანული პრესა ავრცელებს.
ალიევის თქმით, ამის შესახებ უნდა იცოდეს აზერბაიჯანელმა ახალგაზრდობამ და მთელმა მსოფლიომ.
მე მახარებს, რომ ჩვენი ისტორიული მიწების ისტორიაზე სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იწერება, იღებენ ფილმებს, ეწყობა გამოფენები. შემდგომში ჩვენ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ ამ მიმართულებით და სამუშაოები გავშალოთ მსოფლიოს რეგიონებშიც. იმიტომ, რომ ერევანი - ეს ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელებმა ის უნდა დავიბრუნოთ. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია და მას ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ, - განაცხადა პრეზიდენტმა.