უცხოეთი
ბანკის მმართველს, რომელმაც ივანიშვილი მოატყუა, 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. მსჯავრდებული საგადახდო დავალებების ფალსიფიკაციის მიზნით კლიენტების ხელმოწერებს აყალბებდა
ჟენევის სასამართლომ 5 წლით პატიმრობა შეუფარდა ბანკ Credit Suisse-ის ყოფილ მენეჯერ პატრის ლესკოდრონს, რომელსაც მრავალწლიანი მაქინაციები ედება ბრალად, იუწყება Bloomberg-ი.
ლესკოდრონი მართავდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მკვიდრთა პირად ქონებას, მათ შორის არიან საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიონერი ვიტალი მალკინი.
გამოძიების მონაცემებით, ბანკირი ექვსი წლის განმავლობაში ეწეოდა არაავტორიზებულ ინვესტიციებს და უცხოური კომპანიების აქციებს თავისი კლიენტების სახელით ყიდულობდა. საკუთარი ქმედებების დასაფარად, ის აყალბებდა ხელმოწერებს და საკრედიტო ხელშეკრულებებს, კლიენტები შეცდომაში შეჰყავდა მათი ანგარიშების მოცულობასთან დაკავშირებით და Credit Suisse-ის ზედამხედველობის სისტემის გვერდის ავლით მოქმედებდა.
ფინანსური დანაკარგების დასაფარად, ლესკოდრონმა თავისი ყველაზე მდიდარი კლიენტის, ივანიშვილის ანგარიშიდან ასობით მილიონი დოლარი სხვა კლიენტების ანგარიშებზე გადარიცხა.
ბანკირს წარედგინა თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბების და ფინანსების არაკეთილსინდიდიერად მართვის ბრალდება. პატიმრობის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტიებით ლესკოდრონის 22 მილიონი ფრანკის ღირებულების მოძრავი და უძრავი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.
აგრეთვე ლესკოდრონმა Credit Suisse-ს 130 მილიონი ფრანკი უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ, ბანკმა დაზარალებულ კლიენტებს ფინანსური დანაკარგები უნდა აუნაზღაუროს.
Credit Suisse-მა უკვე დაადასტურა, რომ ივანიშვილს ზარალს უახლოეს დროს აუნაზღაურებს. ადვოკატმა, რომელიც სასამართლოში ქართველი მილიარდერის ინტერესებს იცავდა, განაჩენთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.

sputnik-georgia.com